პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს. როგორც პრემიერმა იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ კორონავირუსის გამო გამოწვეული პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს.
გახარიას ინფორმაციით, თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან, მოთხოვნები მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა. მისივე განხადებით, მთავრობას ნებართვის მქონე სასტუმროების ჩამონათვალი ექნება, რომელსაც, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, შემდეგ კი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.
ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სასტუმროებს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები დაეხმარებიან.