საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება.მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
პანდემიის შედეგების გამკლავების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას. აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან მეტი ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების საჭიროება რეფორმების პროცესში, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.