საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.