ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. გაბუნია უარს ამბობს, გამოძიების კითხვებს საგამოძიებო ორგანოს შენობაში უპასუხოს და ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.