თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსი გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგება ბრალდების მხარე.
როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებული გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ეს არის საქმე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მისი თქმით, ნათლად ჩანს კადრებზე როგორ მოუწყეს ჩასაფრება, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გიგი უგულავას. აეროპორტში ელოდებოდნენ მას და შემდგომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მოეწყოთ პროვოკაცია.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.