"კახა კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება - როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია" - ასე უპასუხა თბილისის მერს კახა კალაძეს ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. როგორც უგულავამ განმარტა, 2013 წლამდე "ბუდაპეშტის" ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. მისივე თქმით, ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს.