"კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან" - აღნიშნულის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.ის სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დააკავეს.სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად დაკავებულს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.