ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება.
მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.
ამასთან, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძენის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.