2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36 მილიონ 400 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82 მილიონ 400 ათასი დოლარია, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის 1-ელ ხუთ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 13 მილიონ 500 ათასი ბოთლი ბრენდი და 209 ათასი ბოთლი ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას დოლარს აღწევს.
ჯამში, იანვარ-მაისში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.