დახვრეტილები, გადასახლებულები, დამსმენები, ჯალათები, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ადამიანები... არ აღიარებული გენოციდი, ერთმორწმუნე ჯალათის მძიმე ხელი, დახვრეტილთა ოჯახების მიერ გადახდილი ტყვიის საფასური, ორი კაპიკი. დიახ, ორ კაპიკად შეფასებული ადამიანის სიცოცხლე, ინტელიგენციის დევნა და თავისუფალი საქართველოს იდეის ღრმად მივიწყების მიზნით, დამყარებული ტოტალური შიში... ე.წ. ტროიკა და შებინდებულ საქართველოში, კარზე კაკუნის შიში... ვიღაცას გადაასახლებენ, ვიღაცას დახვრეტენ. ეს 30-იანი წლების გასაბჭოებული საქართველოა... 1921 წელს საქართველო გაწითლდა. გაწითლდა ბოლშევიზმით და თეთრი პატრიოტების მიმართ სირცხვილით. სირცხვილით, რომელსაც ფორმალურად დამოუკიდებელი საქართველო ერქვა, ფაქტობრივად კი, რუსეთის მიერ დაპყრობილი საბჭოური რეჟიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული პირველი ცნობები 1921 წლის 30 მარტით თარიღდება და ძმებ მირიანაშვილების საქმედაა წოდებული. ორტომად აკინძული დოკუმენტური მასალა, ასობით გაყვითლებულ, რუსულ ენოვან ბეჭდურ და ხელნაწერ ფურცელს მოიცავს. საქმე N1 ძმებ მირიანაშვილებთან ერთად მთლიანობაში 19 ვაჭრის სასჯელს აერთიანებს. მათ ბრალი საკვები პროდუქტის გადამალვაში დასდეს. განსასჯელებიდან ოთხს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე იქნა მოყვანილი.