ღიმილის გარეშე ასეთი ბრალდების დაშვებაც არ შეიძლება, თამარ ჩუგოშვილი ძლიერი ქალი პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებული გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, წარმატებული მომავალიც,-ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" წამყვანის კითხვას, რომელიც თამარ ჩუგოშვილის მისამართით ყოფილი თანაგუნდელის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ეხება.კერძოდ, არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების თაობაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თამარ ჩუგოშვილს გავრილოვის ვიზიტის დეტალებზე, მათ შორის გავრილოვის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მას არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩუგოშვილი საკითხს გულგრილად მოეკიდა."არ ვიცი, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს. ეს არის წარმოუდგენელი, ჩემი აზრით, უბრალოდ ღიმილის გარეშე ასეთი ბრალდების დაშვებაც არ შეიძლება, თამარ ჩუგოშვილი ძლიერი ქალი პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებული გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, წარმატებული მომავალიც. გვეამაყება, რომ დღეს საპარლამენტო გუნდში გვყავს ძლიერი პოლიტიკოსი ქალები, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი. მე არ მახსენდება, ამ ორი სამი წლის განმავლობაში არც ერთი შეთხვევა, როდესაც თამარ ჩუგოშვილი საქმეს უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, ან სახელწიფოს ინტერესებს მოეკიდა გულგრილად, ან რომელიმე რისკი არ შეაფასა",-აცხადებს არჩილ თალაკვაძე