თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია.თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.