10 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ეწვია. პირველი დღე ანგელა მერკელმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაუთმო. ის ჯერ სახელმწიფო კანცელარიაში მიღეს, სადაც ქვეყნის პრემიერ მინისტრთან როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები შედგა. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამის შემდეგ მერკელმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა სადაც ის პირადად გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. განიხილეს საქართველო-გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი გმირთა მოედანზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სახელით გერმანიის კანცლერისთვის ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ვიზიტის მეორე დღეს ანგელა მერკელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, ასევე შეხვედრები ოპოზიციასთან, სტუდენტებთან და სამხედროებთან შედგება.