გერმანიაში მიმდინარე თვეში ინფლაცია, ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ სტატისტიკის ფედერალური ინსტიტუტის წინასწარი შეფასების ანგარიშში წერია, რასაც Spiegel-ი ავრცელებს.
2020 წლის ნოემბერთან შედარებით, საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ოქტომბერში ზრდამ 4,5% შეადგინა. ბოლოს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 1992 წლის ივნისში დაფიქსირდა, რამაც 5,8% შეადგინა. ამას გერმანიის გაერთიანებით გამოწვეულ "ბუმს" უკავშირებენ.
ინფლაციის აჩქარების მთავარი ფაქტორი ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაა. გერმანულ ოჯახებს ელექტროენერგიის ღირებულება, შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 22.1%-ით გაეზარდათ.
Spiegel-ის შეფასებით, გერმანიაში რეკორდული ინფლაციის კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა, დღგ-ის ნორმალური განაკვეთის დაბრუნება და ნახშირბადის გამონაბოლქვზე წლის დასაწყისში დაწესებული ახალი გადასახადი, ასევე, ზოგიერთი მასალის გლობალური დეფიციტი და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები იყოს.