2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, წელს 8 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 5%-ია. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი ჯამში 108 375-მა უცხოელმა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან. BAMF-ის სტატისტიკით, გერმანიაში თავშესაფარი მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში 353-მა მოითხოვა.
ცნობისათვის, EUobserver-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის, მოლდოვასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დისკუსიების გამართვას ითხოვს. გამოცემა წერს, რომ ამის მიზეზი ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებია. ამ ფაქტით კი განსაკუთრებით აღშფოთებული გერმანიაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა 2017 წელს აამოქმედა.