გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქსენოფობია და სიძულვილი დაუშვებელია და მსგავსი შემთქხვევა ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ 43 წლის გერმანიის მოქლაქის მიერ მოწყობილი თავდასხმის მიზეზი ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმი გახდა.
მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავდასხმის მიზეზები გაარკვიოს.
"არსებობს ბევრი მინიშნება, რომ ბოროტმოქმედი მემრაჯვენე ექსტრემიზმისა და რასიზმის მოტივით მოქმედებდა, რაც განპირობებულია განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიისა და გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილით", - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩილიმ ბარებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე, დედამისთან ერთად გარდაცვლილი იპოვა.