გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 8 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რობერ კოხის ინსტიტუტის ავრცელებს.
ამასთან, გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 293 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რობერ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 3.073 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 79 381 ადამიანი.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ქვეყნის 16-ვე რეგიონს კორონავირუსის მესამე ტალღის შემცირების მიზნით შეზღუდვების დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ვაქცინაციის კამპანიის ტემპი დაჩქარებას იწყებს. მისი თქმით, აპრილის ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა ექნება მიღებული და ზაფხულის ბოლოსთვის ვაქცინაციის შესაძლებლობა ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს.