გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom”განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლაა. ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, წინასწარ, გერმანიაში იპოვოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს. ასევე, ეძლევა გამარტივებულად შესაძლებლობა, მოძებნოს პროფესიული გადამზადების ადგილი, წავიდეს გერმანიაში და მიიღოს პროფესიული სწავლება. მანვე ისაუბრა სეზონური დასაქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.