გერმანია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს 10 იანვრამდე ახანგრძლივებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის რეგიონების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დახურული დარჩება რესტორნები და სასტუმროები, კერძო შეკრებებზე კი კვლავ მაქსიმუმ 5 ადამიანის თავშეყრა იქნება ნებადართული, რომლებიც ორზე მეტი სხვადასხვა ოჯახის წევრები არ უნდა იყვნენ. აღნიშნული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე იყო ძალაში. კანცლერის თქმით, მასსა და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი 4 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კოვიდ 19-ის შემთხვევებმა ბოლო დღეებში იკლო, თუმცა გუშინ ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ოთხშაბათს კორონავირუსის 17 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 487 ადამიანი გარდაიცვალა.