გერმანიის ეროვნული და რეგიონალური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღისგან თავის დასაცავად, არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესონ.
კერძოდ, მაღაზიებში, რესტორნებში, მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ექნებათ, არავაქცინირებულ პირებს მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებთან შეხვედრის ნებას დართავენ. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ მაღაზიებს, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქცია იყიდება.
ამასთან, ახალი წესების თანახმად, ფეხბურთის სტადიონებზე მაქსიმუმ 15 000 მაყურებელი დაიშვება, დახურული ტიპის სპორტულ დაწესებულებებში კი მაქსიმუმ 5 000 მოქალაქის შეკრება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მომავალი წლის თებერვლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, თუმცა ეს საკითხი, პარლამენტის თანხმობას საჭიროებს.