გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.
პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. მისი თქმით, რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.