გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, - ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას.