გენერალური პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება გარდაცვლილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.
საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.