"სტელვიო" "ალფა რომეოს" პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა! ალფა რომეო! მნიშვნელობა არა აქვს, გიყვართ, თუ არა - ამ ორი სიტყვის გაგონებაზე თითქმის ყველა ავტომოყვარულს დაბურძგლავს ხოლმე. ”ალფას” მოყვარულები, ანუ, ”ალფისტები”, განსაკუთრებული, დახვეწილი ავტოგემოვნების მქონე ხალხია. ”ალფა რომეო” გამონაკლისია - მას არ ჰყავს მტრები სხვა მარკების გულშემატკივართა ბანაკებიდან. შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ ”ალფა რომეოს” დიზაინს ყველა აღიარებს - გულის სიღრმეში ყველა ავტომოყვარული ცოტათი მაინცაა ”ალფისტი”.მაგრამ სად იყო და რა ხდებოდა ”ალფა რომეოს” გარშემო ბოლო წლებში? არაფერიც არ ხდებოდა. თითქმის არაფერი. ფეხბურთის დაკვირვებული მოყვარულები გაიხსენებენ, რომ გერმანულ კლუბს, ფრანკფურტის ”აინტრახტს”, ცოტა ხნის წინ, მაისურზე ”ალფა რომეო” ეწერა. დიახ, ”ალფა” ამ გუნდის სპონსორი იყო, ფრანკფურტის შოურუმში კი მანქანები თითქმის არ ჰყავდა.