31 მაისიდან „გაზპრომმა“ ჰოლანდიურ კომპანია GasTerra-ს საფასურის რუბლებში გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ რუსული კომპანია განცხადებას Telegram არხზე ავრცელებს.
„გაზპრომი“ იტყობინება, რომ 30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა ამოიწურა, „გაზპრომ ექსპორტს“ ჰოლანდიური კომპანიისგან აპრილის გაზის მიწოდების გადასახადი არ მიუღია.
GasTerra გაზს ნიდერლანდების მთავრობის სახელით ყიდულობს და ვაჭრობს. კომპანიის 50% ნიდერლანდების სამთავრობო უწყებებს, 25% კი Shell-სა და Exxon-ს ეკუთვნის. თავის მხრივ, განცხადება GasTerra-მაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ რუსეთის მიერ შეთავაზებული სქემით გაზის საფასურის გადახდაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ამით ევროკავშირის სანქციებს დაარღვევდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთმა იმავე მიზეზით გაზის მიწოდება ფინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს შეუჩერა.