რუსეთის წამყვანმა ბანკმა "გაზპრომბანკმა" ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ანგარიშები გაყინა და შეწყვიტა მასთან ტრანზაქციები, რათა ამერიკული სანქციების რისკი თავიდან აეცილებინა. ამის შესახებ როიტერსს გაზპრომბანკის წყარომ განუცხადა. თუმცა, თავად ნავთობკომპანიის წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციას ყალბი უწოდეს. შეგახსენებთ, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, რის გამოც ნავთობკომპანიასთან კავშირი ბევრმა ბანკმა გაწყვიტა. ამიტომაც მისი რუსულ საბანკო სისტემასთან თანამშრომლობა ყველაზე ბუნებრივი იყო, ვინაიდან ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოსკოვი მხარს უჭერს. აშშ და ევროპის ქვეყნები კი მას გადადგომისკენ მოუწოდებენ და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს აღიარებენ.