2019 წლის 1 მარტიდან "სოკარ ჯორჯია გაზის" საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაიზრდება და 1 კუბურ მეტრზე დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით 95 თეთრი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, კომერციული ობიექტებისთვის ტარიფის ზრდა თბილისში „ყაზტრანსგაზ თბილისმაც“ დააანონსა. დედაქალაქში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით 86 თეთრი იქნება. თბილისში კომერციულ ობიექტებს ტარიფი 4 თებერვლიდან გაეზრდებათ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პურის მრეწველობას ტარიფი არ შეეცვლება.
კომპანიათა განმარტებით, ფასის კორექტირება ეროვნული ვალუტის ამერიკულ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით არის გამოწვეული.