გაზეთი "კვირის პალიტრა" მამუკა ხაზარაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში ხაზარაძე "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ანაკლიის პროექტის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან სხვადასხვა დროს გამართული შეხვედრების შესახებ ღიად საუბრობს.
ხაზარაძე ასევე იმ წერილზე ყვება, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინაპერიოდში გამოაქვეყნა და ადასტურებს, რომ განცხადება მუქარის წერილის მიღების შედეგად დაწერა, თუმცა იქვე აცხადებს, რომ წერილში გულწრფელი იყო და გამოქვეყნებულ განცხადებას დღესაც ხელს მოაწერს.
"როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა "ნაციონალების" დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ. იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი" - აცხადებს ხაზარაძე.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ გეგმავდა ის მუქარის წერილში გაჟღერებული სხვა პუნქტების შესრულებასაც, ხაზარაძე აცხადებს, რომ ამის გაკეთება წარმოუდგენლად მიაჩნდა.
"რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ "ტვ პირველთან" რაღაც კავშირი მაქვს" - აცხადებს ხაზარაძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.