"გავრილოვის სია" – "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა. პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
ასევე უნდა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.
დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში, ოპოზიცია მოითხოვს, დაევალოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეადგინოს პასუხისმგებელ პირთა სია, როგორც სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე.
დადგენილების პროექტში წერია, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.