ნიკა მელიაზე გადაბრალება იმდენად სისულელე იყო, რომ ბოლოს თავად თქვეს უარი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა 20 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, თუ იყო პარლამენტში შესვლის მცდელობა, სპეცრაზმის დგომა შენობის წინ საჭირო არ იყო, თუმცა ახლა კონკრეტულ შედეგზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს.„რაზეც იყო ინტერპრეტირება, აპირებდნენ ვიღაცები პარლამენტში შეჭრასო. დავუშვათ, აპირებდა მაქსიმუმ 100-200 კაცი, იქ 10 000 კაცი იდგა, 9 800 კაცი არ აპირებდა და იმ 9 800 კაცს მოხვდა ყველაზე მეტი, ეს, როგორც იტყვიან, სადაური ანგარიშია? ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდოდათ იქ შესვლა. ვითომ აი, გავრილოვი რომ შეუშვეს, ჩვენ, ქართველ ხალხს რატომ არ გვიშვებენო. ან რა პრობლემა იყო პარლამენტში ხალხის არშეშვება? რატომ იდგა ის სპეცრაზმი წინ, მაინცდამაინც კიბეებთან? პოლიციას მარტივად შეეძლო, არავინ შეეშვა. ჯერ პარლამენტში ვერც შევიდოდნენ, ეზოში უნდა შესულიყვნენ, რომელიც სპეცრაზმელებით გაძეძგილი იყო. იქ რა უნდა გაეკეთებინათ მერე, აღარ ვიცი. მერე, პარლამენტის შესასვლელი არცთუ განიერია, არის დიდი რკინის ჭიშკარი. წასულიყო ის სპეცრაზმი და ჩაეკეტა ის ჭიშკარი, შეამტვრევდნენ თუ რას გააკეთებდნენ? სულ არ იყო წინ მათი დგომა საჭირო, ამიტომ, არაპროფესიონალურად იმოქმედეს. ახლა შედეგი გვაქვს, რაც გვაქვს და ამაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს. მელიაზე გადაბრალება იმდენად სისულელე იყო, რომ ბოლოს თვითონვე უარი თქვეს. ბიძინა ივანიშვილმა აიძულა დეპუტატები, თავი მოეჭრათ და საციხოდ გაემეტებინათ ადამიანი, რის გამო? თან თვითონაც უამრავ ადამიანს, ვინც იქ იჯდა, უარესი აქვს გაკეთებული. ჩემი აზრით, სამარცხვინოდ მოიქცნენ და მერე ვერ დაიჭირეს. ეჭვი მაქვს, აქ კეთილ ნებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც არ იყო საქმე, უბრალოდ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო სერიოზული სიგნალი, რომ ამას საერთაშორისო დონეზე მოჰყვებოდა ცუდი შედეგი. როცა ასეთი რაღაც ხდება, პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება ძალიან „ყვირის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.