გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადაიყვანეს, - ამის შესახებ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების კომენტირებისას განაცხადა.გორის მერის ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ოჯახებს დაუბრუნდნენ.“გატაცებულები ავტომანქანით მოძრაობდნენ და ეს ავტომობილი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ის სამართალდამცველებმა შეამოწმეს, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. ჯერჯერობით სიახლე არაფერია, თუმცა, ყველაფერი კეთდება, რომ დროულად დავაბრუნოთ თავიანთ სახლებში. შესაბამისი ორგანოები აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ ისინი დროულად იყვნენ გადმოყვანილი ჩვენს ტერიტორიაზე. სოფელი ახალუბანი საზღვრისპირა სოფელია. გატაცებულები წმინდა გიორგის სალოცავზე მიდიოდნენ და არსებობს ეჭვი, რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იქიდან გადაიყვანეს“, - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.სოფელ აძვის მცხოვრებლები, 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს, მაშინ აიყვანეს, როდესაც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.