სტიქია რაჭაში კვლავ მძვინვარებს. სოფელ ღებში 400-მდე ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ონის რაიონის მაღალმთიან თემში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები. წყალმა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი და გზები წაიღო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ვითარებას რაჭაში გადაუღებელი წვიმები ისიც ართულებს. ღებში გზის აღდგენას სავარაუდოდ 3-4 დღე დასჭირდება. ადიდებულმა მდინარე რიონმა კი ქალაქი ონი დატბორა. მდინარის წყალმა ჯებირები გადაკვეთა და საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნა. აღმაშენებლის ქუჩაზე 4 ოჯახის ეზო დაიტბორა. არსებობს საშიშროება, რომ წყალი სახლებშიც შევიდეს. ამას გარდა, მოვარდნილი უხვი წყლის შედეგად, 2 ხიდი წაღებულია სოფელ გომთანაც. რაჭაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.