გარემოსდაცვითი მმართველობის და კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი დაესწრნენ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსზე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე, რომელიც ქვეყანაში ახალ გარემოსდაცვით სისტემას ქმნის.