საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ფულადი ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები "ნარჩენების მართვის კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.
კანონპროექტით, ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით განისაზღვრება. პროექტის თანახმად, ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას, 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარის ოდენობით.
ცვლილებების თანახმად, ორ კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის, მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი, ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება; ამასთან, სამმაგდება ერთ მეტრ კუბზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება და 1000 ლარის ნაცვლად 3 ათასი ლარი იქნება.