გარემოს დაბინძურებისთვის ქვეითი ინსპექტორების მიერ ამ დრომდე 3 ათას 940 საჯარიმო ოქმი დაიწერა. ჯარიმებით შემოსული თანხის ოდენობამ კი ჯამში 387 ათას 840 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 3 ათას 940 სამართალდამრღვევი პირიდან ათას 338 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან დღემდე დედაქალაქში ნაგვის დაყრის ფაქტზე 116 საჯარიმო ოქმია შედგენილი, დაწერილი ჯარიმების თანხის ოდენობამ კი 11 230 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკისა და ბოთლის და მსგავსი ნარჩენების გადაგდებაზე ჯარიმდებიან.
ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში 2017 წლის 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. პირველი 2 კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა, 20 აპრილიდან კი გარემოს დაბინძურებაზე მოქალაქეთა დაჯარიმება დაიწყეს.