მექსიკის ქალაქ ჩიუაუას საქორწილო მოდის პატარა მაღაზიაში მაღალი მოხდენილი ფიგურა დგას, საპატარძლო კაბაში გამოწყობილი. აგერ უკვე 90 წელზე მეტია, მეტისმეტად რეალისტური მანეკენი მასპინძლობს კლიენტებს თუ უბრალოდ ტურისტებს, რომლებიც ამ ქალაქში ხშირად მხოლოდ პასკუალიტას სანახავად ჩამოდიან. გაცრეცილი კანი, ძარღვებიანი ხელები, ნაკეცები ხელისგულებზე და უჩვეულოდ დაჭრილი ფრჩხილები - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არწმუნებს ადამიანებს, რომ პასკუალიტა არა მხოლოდ მანეკენია, არამედ კარგად შენახული ბალზამირებული ცხედარი.