გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი აქამდე დაანონსებული 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების რეგლამენტი, რომლის თანახმად, მათ შორის გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ წყლის შემცველობა არ აღემატებოდა 5%-ს. თუმცა, რეგლამენტის მოქმედება 2021 წლის იანვარში დროებით, 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა. ამის მიზეზად კი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვა დაასახელა.
მთავრობის ახლანდელი, 27 აპრილის დადგენილებით კი რეგლამენტში ცვლილება განხორციელდა და გაყინული ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი აქამდე არსებული 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, მთავრობის ეს დადგენილება უკვე ამოქმედდა.