განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებისა და ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით დოდიაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხებში მისი აქტიურობა გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომ.
უწყების განმარტებით მე-10 სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების გასვლას უკავშირდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება და დირექტორებს, რომელთაც უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო უწყდებათ, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.