განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.
გამომცემლების განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.
უფრო კონკრეტულად, როგორც "პალიტრა L-ის" დირექტორმა თიკო ასათიანმა პალიტრანიუსთან საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.
რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, "ინტერპრესნიუსი" "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.
რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, თამარ ლებანიძის თქმით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.