განას პრეზიდენტმა ნანა აკუფო-ადდომ მოქალაქეებს მოუწოდა, უგულებელყონ ვაქცინებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.
„ვიცი, რომ ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებიც ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ. ზოგიერთები მხარს უჭერენ შეთქმულების თეორეტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ვაქცინა შექმნილია აფრიკული რასის გასანადგურებლად. ეს სიმართლისგან შორს არის, ვაქცინის გაკეთება არ შეცვლის თქვენს დნმ-ს, არ ჩააყენებს სათვალთვალო მოწყობილობას თქვენს სხეულში და არ გამოიწვევს უნაყოფობას მამაკაცებსა და ქალებში,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, განაში AstraZeneca-ს ვაქცინის 600 000 დოზა COVAX-ის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს. ქვეყანა, რომელიც აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მოსახლეობის ვაქცინაციას ხვალიდან იწყებს.