2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. განახლებული ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. ასევე დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით. 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებითგანახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო. კერძოდ კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან მიმოქცევაში გაუშვა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. პირველი ნოემბრიდან კი 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ჩაეშვა.