ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ევროთი დაფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, DMT Group-ს ტყიბულის შახტებში არსებული ვითარების შესასწავლად 5 კვირიანი ვადა ექნება. ტყიბულის შახტების ინსპექტირებისთვის გერმანული კომპანიის შერჩევას მიესალმებიან დამსაქმებელთა ასოციაციასა და პროფკავშირებში. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა განაახლებს თუ არა მინდელის სახელობის შახტი საქმიანობას, აუცილებელია რომ ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდეს.
აღდგება თუ არა ტყიბულის შახტებში სამუშაოები, ეს დიემთი გრუპის საბოლოო დასკვნით გადაწყდება. მინდელის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც 16 ივლისს უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.