BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება. ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, განხორციელებული ინვესტიციების კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 11% პროგნოზირებს. რაც მიუთითებს, რომ საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2020 წელს, პანდემიის თანამდევი სირთულეების გავლენა იგრძნობოდა ყველა სექტორში. ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა 44%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინვესტიციები შეამცირა. აღნიშნული მაჩვენებელი მშენებლობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში შესაბამისად 36%-ს, 34%-სა და 6%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის პირველი კვარტლის შუა პერიოდში ჩატარდა, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ბიზნესის მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიური იყო. შეზღუდვების ხელახალი გამკაცრების პირობებში, ამჟამად არსებული გეგმების ცვლილებას უნდა ველოდოთ.