საერთაშორისო გამომძიებლები, რომლებიც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებენ, აცხადებენ, რომ სეპარატისტებს, რომლებიც აღნიშნული თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები, რუსი მაღალჩინოსნები მართავდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ჰოლანდიაში შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო გუნდი ინციდენტში რუსეთს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა ირწმუნება, რომ არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორს რუს მაღალჩინოსნებთან ჰქონდათ კავშირი. ეს მაღალჩინოსნები, კი გამომძიებლების მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი იყვნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი "საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთის დისკრედიტირებაა".
შეგახსენებთ, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.