გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ ენგურის ხიდის გავლით ადმინისტრაციული საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს ენგურის ხიდთან დღეს დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია შეხვდა. ლალი ბასარიას ინფორმაციით, მისი მეუღლე ორი თვის წინ შეიწყალა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, თუმცა მხარეები მის გაცვლას აპირებენ და სწორედ ამიტომ არ ხდება მისი გათავისუფლება ამ დრომდე. კახაბერ ქემოკლიძის თქმით კი, საქართველოს ხელისუფლება გიორგი ლუკავას და სხვა პატიმრების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება ლუკავას შეწყალების საკითხს, ქემოკლიძის თქმით, ქართული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.