ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრენკ დარაბონტის სადებიუტო დრამა „გაქცევა შოუშენკიდან“, რომელიც „ოსკარის“ შვიდ პრემიაზე იქნა ნომინირებული, თუმცა ვერცერთი ვერ მოიპოვა და გაქირავებაშიც ჩავარდა, წლების შემდეგ საუკეთესო ეკრანიზაციად დასახელდებოდა და მსოფლიო კინოს შედევრებს შეუერთდებოდა.
ფილმს სტივენ კინგის ნაკლებად ცნობილი მოთხრობა „რიტა ჰეივორთი და გადარჩენა შოუშენკიდან“ დაედო საფუძვლად. მართალია, ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც 1982 წელს მწერლის პირველ საავტორო კრებულში „ოთხი სეზონი“ შევიდა, რადიკალურად განსხვავდებოდა კინგისთვის ჩვეული მისტიკისა და ჰორორის ჟანრში შექმნილი ნამუშევრებისგან, მაგრამ კრიტიკოსებმა მაინც ჯეროვნად დააფასეს ავტორის მცდელობა შეექმნა საკუთარი ისტორია საპატიმროდან გაქცევის კანონიკურ თემაზე. კრებული New York Times-ის ბესტსელერების ნუსხაში მოხვდა, განსაკუთრებული პოპულარობა კი, სწორედ „შოუშენკიდან გადარჩენამ“ მოიპოვა, რომელიც მწერალმა ალექსანდრ დიუმას "გრაფ მონტე-კრისტოს" და ციხიდან თავდაღწეული პატიმრების ისტორიების გავლენით შექმნა.