საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან. პრემიერმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველო ემზადება 2024 წელს ამბიციური განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და ამ გზაზე განვითარების საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია.