კივანო, იგივე აფრიკული კიტრი, რომელმაც საქართველოში დიდი დაინტერესება გამოიწვია, ქსელებში ივლისის ბოლოს დაბრუნდება.
როგორც პროდუქტის ამჟამად ერთადერთი მწარმოებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წელს მოსავალი შედარებით მეტი იქნება, ამასთან, მას სამაცივრე მეურნეობაშიც შეინახავენ. შესაბამისად, შესაძლოა, კივანო ახალ წელსაც ხელმისაწვდომი იყოს.
ცნობისთვის, კივანო კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში „ლოლაძეების ფერმაში“ იწარმოება. კივანო, გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.
რაც შეეხება მის ღირებულებას, შარშან ქსელებში 1 კილოგრამი კივანო 28 ლარი ღირდა.