საკუთარი სახელი ქიცვიანმა რეპტილიამ კარიბის ზღვის აუზში ოდესღაც დაბინავებული, ტაინას უძველესი ტომების წყალობით მიიღო, რომელთა ცივილიზაცია კონკისტადორების გამოჩენასთან ერთად გაქრა. მართალია, მწვანე იგუანა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ხვლიკია, მაგრამ გადაშენების ზღვარზე არსებული სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის CITES-ას (The Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora) ნუსხაში მაინც მოხვდა, რაც რეპტილიათი ვაჭრობის მკაცრ კონტროლს გულისხმობს. მეცნიერულ წყაროებში მწვანე იგუანა პირველად 1553 წელს გამოჩნდა, როცა ევროპელებმა ახლოს გაიცნეს ცენტრალური, სამხრეთ ამერიკა და აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივები, მაიასა და მოჩეს ტომის ინდიელების ჩათვლით, ქვეწარმავალს ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდნენ, ეთაყვანებოდნენ მას და მსხვერპლად წირავდნენ ღმერთებს, თუმცა, ერთ დროს "ძლევამოსილმა" იგუანამ დღეს აბსოლუტურად დაკარგა ძველი "დიდება" და მხოლოდ გასტრონომიულ "პროდუქტად" დარჩა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ლათინოამერიკული ქვეყნების ნაციონალურ სამზარეულოში სარგებლობს.