საქართველოს ისტორიაში პირველად, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მაროკოში განხორციელდება. მცირე საწარმო "აგრიაპისთვის" - დიდი სამეფოს კარი, 2 თვეში გაიღება და ქართული თაფლი, შორეულ მაროკოში, წარწერით Made in Georgia პირველად გამოჩნდება.
2 წლის წინ დაარსებული "აგრიაპი", 15 საფუტკრე მეურნეობასთან თანამშრომლობს. უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, თვეში, 5 ტონამდე თაფლს ამუშავებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში, თაფლის გაყიდვების მაჩვენებელი, ტურისტულ სეზონზე მატულობს. მოთხოვნა, ყველა სახეობის თაფლზეა, თუმცა ქვეყანაში მყოფი უცხოელი ტურისტები, უპირატესობას, ალპურ და ცაცხვის თაფლს ანიჭებენ.
კომპანია "აგრიაპისთვის", იმპორტირებული თაფლისთვის კონკურენციის გაწევა ადგილობრივ ბაზარზე, არც თუ იოლი აღმოჩნდა. თუმცა კონკურენცია აქ არა ხარისხობრივ მაჩვენებლზე, არამედ ფასზე ვრცელდება. შედარებით დაბალი ფასის გამო, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას იმპორტირებულ თაფლს ანიჭებს, იმის მიუხედავად, რომ მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი ქართულ თაფლთან შედარებით, მკვეთრად დაბალია. ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი მაღალია, თუმცა უცხოურ ბაზრებზე არსებული გარკვეული სავაჭრო ბარიერების გამო, ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე უწევთ.
თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა ყველა საწარმოსთვის რომ ხელმისაწვდომი გახდეს, ამისთვის, აგრიაპის დამფუძნებელი, სახელმწიფოს მხრიდან მწარმოებლისთვის, მეტი ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს კი თავის მხრივ ქართული თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებელს და შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.